2012 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში განხილვის შემდეგ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 60 ათასი ლარით დაფინანსება იგეგმება. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ლევან ფერაძემ აღნიშნა, რომ სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისათვის მომატებული 8 ათასი ლარი ძალიან მნიშვნელოვანია.
საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილების თანახმად, 7 ათასი ლარით გაიზრდება ა(ა) იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების დაფინანსება. ეს საშუალებას იძლევა, რომ აღდგეს ამ წლის დასაწყისში გაუქმებული იმ სასოფლო ბიბლიოთეკების ფუნქციონირება, სადაც წიგნადი ფონდი დაცულია და შენობაც კარგ მდგომარეობაშია.
საკრებულოს წევრთა წინადადებით, 2012 წელს 5 ათას – 5 ათასი ლარით გაიზრდება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმისა და სპორტული სკოლის დაფინანსება.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა აქტიურ ფაზაში შევიდა. 21 ნოემბერს ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა ისაუბრეს, 22 ნოემბერს – საკრებულოს კომისიების წევრებმა იმსჯელეს, 24 ნოემბერს მოეწყო „ღია კარის“ დღე, რომელსაც საკრებულოს მიერ დაფუძნებული ა(ა) იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 25 ნოემბერს საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები გამგეობას დაუბრუნა. 10 დეკემბრამდე აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია ბიუჯეტის იგივე ან შესწორებული ვარიანტი საკრებულოში წარადგინოს. 31 დეკემბრამდე დეპუტატები 2012 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ.
როგორც გულნარა ტოროშელიძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში დასაქმებულ მუშაკთა ხელფასების ზრდას განაპირობებს სადღესასწაულო დღეებში მათთვის დამატებით ას-ასი ლარის გამოყოფა. გამგეობის ხარჯები დამტკიცებულ ბიუჯეტზე 50 900 ლარით ნაკლები, ხოლო ფაქტიურთან შედარებით 15 ათასი ლარით მეტია. მიმდინარე წელს გამგეობაში სველი წერტილები მოწესრიგდა და გარემონტდა რამდენიმე სამუშაო ოთახი. მომავალ წელს კი, 15 ათასი ლარით, იგეგმება სველი წერტილების მოწესრიგება პირველ სართულზე. გაზრდილია ტრანსპორტისა და ოფისის ხარჯები. ოფისის ხარჯებში ძირითადად გათვალისწინებულია კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, დამონტაჟება და მისი მოვლა-შენახვა. როგორც საფინანსო სამსახურის უფროსი განმარტავს, ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის ფასმა მოიმატა. კომისიები, რომლებიც გამგეობასა და საკრებულოში ფუნქციონირებს, სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად ხშირად სარგებლობენ მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებით. მომავალ წელს გამგეობის ხარჯებში გათვალისწინებულია 30 ათასი ლარი ავტომანქანის შესაძენად. საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ძველი მანქანების შენახვა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე – ახლის. მანვე თქვა, რომ, სავარაუდოდ, 30 ათასი ლარით მხოლოდ ერთ მანქანას არ შეიძენენ. დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, რომ გამგეობამ ორი წლის წინ შეიძინა „ჯიპი“ და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამოცვალონ ავტომანქანა ასე მალე. „გამოდის, რომ თავიდანვე ცუდად შეიძინეს, – აღნიშნა დეპუტატმა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, – ორ წელიწადში ერთხელ ვინ ცვლის მანქანას?! 30 ათასი ლარი არ არის პატარა თანხა. ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდეთ. არ მგონია, ჩვენი ამომრჩევლებისთვის კარგი გასაგონი იყოს ეს ინფორმაცია. როგორც საკუთარს, ბიუჯეტის თანხასაც ისე უნდა მოვეპყრათ.“ ნოდარ ებანოიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გაზრდილია ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების შესაძენი თანხაც. „საჭიროებიდან გამომდინარე შევიძინოთ ყველაფერი. არ მგონია, რომ ჩვენი ბიუჯეტის პარამეტრები იმსახურებდეს 30 ათას ლარიან მანქანას,“ – დასძინა ნოდარ ებანოიძემ.
2012 წელს აუდიტორული მომსახურებისთვის გამგეობამ ისევ 4 900 ლარი დაგეგმა და ამით ამ მომსახურებაზე შესყიდვის გამოცხადება აიცილა თავიდან. როგორც დეპუტატი ნოდარ ებანოიძე განმარტავს, 5 ათას ლარზე ნაკლები თანხის დაგეგმვაც აძლევს ორგანიზაციას უფლებას, გამოაცხადოს ტენდერი. სამი წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუდიტორულ შემოწმებას ერთი და იგივე აუდიტორული ფირმა ახორციელებს. ნოდარ ებანოიძის თქმით, აუდიტორის სტანდარტისა და აუდიტის ეთიკის კოდექსის თანახმად, იგივე აუდიტორმა უარი უნდა თქვას უკვე ამ საქმის შესრულებაზე. მისივე განცხადებით, თუ აუდიტორული მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტი ტენდერს გამოაცხადებს, თანხები დაიზოგება. მან კოლეგებს შესთავაზა, რომ ავტომანქანის შესაძენ თანხას 100 ლარი მოაკლონ და მოუმატონ აუდიტორული მომსახურების თანხას.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დააყენა, მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვებთან დაკავშირებით ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრას ეხებოდა. მისივე თქმით, უმჯობესია, თუ კეთილმოწყობისთვის განკუთვნილი თანხა შესყიდვაში მოექცევა და პირდაპირ სუბსიდიის სახით არ მიეცემა ა(ა)იპ-ს. შესყიდვის გამოცხადებით მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგება. დეპუტატმა ვერ გაიზიარა საკრებულოს თავმჯდომარის მოსაზრება, – ხომ შეიძლება ტენდერში სხვა რაიონის ორგანიზაციამ გაიმარჯვოსო, და დასძინა, რომ კანონი არ უკრძალავს საკრებულოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ს ჩაერთოს ტენდერში.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად შს სამინისტროს ხარაგაულის განყოფილების დაფინანსება 60 ათასი ლარით განისაზღვრა. 2011 წლის ათ თვეში ამ მიმართულებით 49 ათასი ლარია გახარჯული. გულნარა ტოროშელიძემ ეს ზრდა იმით ახსნა, რომ მომავალ ორ თვეში პოლიციას ელენერგიის ხარჯი გაეზრდება. მისივე თქმით, პოლიცია ამ დაფინანსებას იმსახურებს.
ეს არგუმენტი დამაჯერებელი ვერ აღმოჩნდა დეპუტატ ნოდარ ებანოიძისთვის, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთ თეთრს ვერ ვამატებთ მიმდინარე წელთან შედარებით ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობას. რატომ უნდა დაფინანსდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილება მაშინ, როცა შს სამინისტრო 790 მილიონი ლარით ფინანსდება?!
გამგეობის მიერ საკრებულოში წარდგენილი 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სპორტული სკოლა 75 ათასი ლარით ფინანსდება, ხოლო მხოლოდ საფეხბურთო გუნდი „ჩხერიმელა 2009“ – 85 ათასი ლარით. დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ სპორტული სკოლისთვის 5 ათასი ლარი დაემატებინათ, რადგან მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა სპორტის სასახლე. იქ ახალი სპორტული წრეების გახსნას და სპორტის სასახლის სრული დატვირთვით ამოქმედებას ხუთი ათასი ლარი ნამდვილად ესაჭიროება.
„ჩვენი ფუნქციაა, ხელი შევუწყოთ სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას. ხარაგაულში არის ამის საფუძვლები. დამიჯერეთ, მომავალში ჩვენ არაფერი დაგვრჩება და ვერაფერს მივიღებთ ფეხბურთის გუნდის დაფინანსებიდან,“ – აღნიშნა ამ თემაზე მსჯელობისას დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი მაჭავარიანმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომავალ წელს ხელი უნდა შეუწყონ ხარაგაულში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას.
36 ათასი ლარი გამგეობამ ა(ა)იპ გაზეთი „ახალი ხარაგაულის“ დაფინანსებისთვის გაითვალისწინა. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მთელ რიგ ტერიტორიულ ერთეულებში მოსაწესრიგებელია ტელემაუწყებლობის საკითხი. ამიტომ მათი შენიშვნის მიხედვით, ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის“ დაფინანსება 2011 წლის მსგავსად 27 ათასი ლარი დარჩება, ხოლო დანარჩენი 9 ათასი ლარი ტელეანძების შეკეთებას მოხმარდება.
დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ მოსწავლეთა სახლთან არსებული მუსიკალური სტუდია „ჰარმონიას“ დაფინანსების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი წინადადებით, კარგი იქნება, თუ წახალისდება მათი საქმიანობა და დაფინანსდება ამ მუსიკალური სტუდიის ბავშვების სწავლა. “ისეთივე ყურადღება მივაქციოთ „ჰარმონიას,“ როგორც – დიდი ტრადიციების მქონე შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას. წავახალისოთ პროცესი, ჩვენ ამით არაფერს ვაგებთ,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
სოციალური დაცვა, რომლისთვისაც 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით 248 600 ლარია გათვალისწინებული, რამდენიმე მუხლს მოიცავს. დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ 30 ათასი ლარი გაითვალისწინონ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. დეპუტატმა გია თაბუკაშვილმა მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების საკითხი დააყენა კოლეგების წინაშე. მანვე მოითხოვა, რომ სასაჩუქრე პაკეტი გადაეცეს იმ ხარაგაულელ ახალშობილებს, რომლებიც სხვა ქალაქების სამშობიარო სახლებში გაჩნდებიან. მისი წინადადება კოლეგებმა გაიზიარეს. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მამუკა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებას შეიტანენ მუნიციპალიტეტში მოქმედი შესაბამისი კომისიის დებულებაში. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დაფინანსებისთვის უნდა დაწესდეს შესაბამისი სავარაუდო კრიტერიუმები: ოჯახს უნდა ჰყავდეს 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი. გასათვალისწინებელია ოჯახის სოციალური მდგომარეობაც.
მაწანწალა ძაღლების ლიკვიდაციისთვის გათვალისწინებულ 500 ლარს 1 500 ლარი დაემატა. როგორც გაირკვა, ხელშეკრულება დაიდება ქუთაისში მოქმედ ორგანიზაციასთან და მაწანწალა ძაღლების პრობლემა უფრო ცივილიზებულად მოგვარდება.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დასასრულს საუბარი შეეხო ხარაგაულში ვაზის სანერგე მეურნეობის ამოქმედების საკითხს. როგორც აღინიშნა, ეს ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი საკითხია და შეიძლება თანხა ჩაიდოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის, ან შეიძლება მას დაერქვას დასაქმების პროგრამა. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა უნდა გამოაცხადოს კონკურსი. `ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში ავსახოთ ესეც, – მიმართა კოლეგებს ნოდარ ებანოიძემ, – ისაუბრონ ამ საკითხზე სანერგე მეურნეობის პროექტის ავტორებმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, პროექტის ავტორები – კომპეტენტური და დარგის საუკეთესო სპეციალისტები არგუმენტირებულად იმსჯელებენ. ნუ დავტოვებთ ამ საკითხს უყურადღებოდ. გავითვალისწინოთ თანხა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის. დანარჩენი მომავლის საქმეა.“
„საუკუნის საქმე გაკეთდება ამით, – აღნიშნა სანერგე მეურნეობის პროექტის ავტორმა დეპუტატმა იუზა კელენჯერიძემ, – პროექტს დავხვეწთ და ვფიქრობთ, ამ საქმეს 20 ათას ლარზე მეტი არ დასჭირდება. ამაზე, მგონი, საერთო აზრი გვაქვს ყველას.“
„ნოყიერი ნიადაგი არ უნდა შევამზადოთ იმისთვის, რომ თქვან, აი, საკრებულომ სწორად ვერ გათვალა, ვიღაცას ზედმეტი ხარჯი მისცა და სხვ. თავიდანვე წარმოადგინეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, წარმოდგენილი ინფორმაციის შემდეგ, ხუთი ათასი ლარი დავუმატებთ. ეს მათ გარკვეულ პრობლემებს მოუგვარებს. ასევე შემიძლია ვთქვა სპორტსკოლაზე, ბიბლიოთეკასა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაზე. რა წინადადებებიც მოიტანეს ჩვენამდე, ყველა გავითვალისწინეთ და გამგეობას დავუბრუნეთ შენიშვნების სახით. თუ შემოაგდებ ფურცელს, – ამდენი თანხა მომეცი, ვერ მიიღებ თანხმობას. ერთი და იგივე ორგანიზაციისთვის ათჯერ რომ შეიტან წლის განმავლობაში ბიუჯეტში ცვლილებას, ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.“
რომან შერგელაშვილის თქმით, ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ვალდებულია, დახვეწილად და დამაჯერებლად წარმოადგინოს წინადადება, თუ რაში სჭირდება თანხა, როგორ ესახება ამ თანხით კონკრეტული სფეროს განვითარება და წინსვლა. „ჩვენ ხომ ამისთვის გვინდა ფული?! მომატებულმა თანხამ უკეთესი შედეგი უნდა გვაჩვენოს,“ – დასძინა დეპუტატმა.
რომან შერგელაშვილს საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ არგუმენტირებული დასაბუთება ბიუჯეტიდან მოთხოვნილ თითოეულ თეთრს სჭირდება.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი