სოფელ ღორეშას მარიამწყაროს უბნის მოსახლეობას გზის პრობლემა აქვს. საუბარია სოფლის ცენტრალურ გზაზე, რომელიც ღორეშის მუზეუმს ბორითთან აკავშირებს. ტრანსპორტის მოძრაობა ამინდზეა დამოკიდებული. „ამინდს შევყურებთ, – ამბობენ მარიამწყაროს უბნის მცხოვრებნი, – თუ იქნება პარასკევს ამინდი, ამოვა ჩვენამდე ავტობუსი. თუ არ იქნება, ვართ ცუდ დღეში. დღესაც დარეკა ავტობუსის მძღოლმა, რომ ვერ ამოვა. ამდენ რაღაცას ვისმენთ ტელევიზორში. ჩვენთვის არავინ გამოჩნდა – არც ოპოზიცა, არც პოზიცია, რომ დაგვეხმაროს. ყურს არ გვიგდებენ, თორემ ერთხელ ეწერა უკვე ამ გზაზე თქვენს გაზეთში.

ჩვენამდე მხოლოდ არჩევნებზე მოდიან. ეს უბანი მოხუცებულებისაა. ახალგაზრდები გაიქცნენ აქედან. წავიდნენ, რა ჰქნან, აბა?! სამუშაო არ არის, გზა არ არის, სოფელი მოუსავლიანია.
სოფლის განვითარების პროგრამით გამოყოფილი თანხა არ ყოფნის სოფელს. წელს კვადოურში გაკეთდა გზა, რიგში დადექით და თუ მოუწევს ამ უბანს, გაისად გაკეთდებაო, – გვეუბნებიან. გაისამდე ეს გზა კიდევ უფრო გაფუჭდება.
გზას რომ აკეთებ, წვიმის წყალს კვალი უნდა მისცე, თორემ იწვიმებს და სულ ჩაირეცხება.
სასწრაფო დახმარების მანქანებს უჭირთ ჩვენამდე მოსვლა. ზამთარი განსაკუთრებით ძნელი გადასატანია ჩვენთვის. არ გვიწმინდავენ გზას. ძირითადად, 200 მეტრი გზაა გასაკეთებელი.
ერთი წლის წინ დავწერეთ კოლექტიური განცხადება მარიამწყაროს, საჯვარესა და ოქონას მოსახლეობამ. მთელი გადაღმა ღორეშაც გვიჭერდა მხარს. რწმუნებულს, შალვა კურტანიძეს, ხომ ექნება არქივში?! ისე, ჩვენი ბრალიცაა – თავად უნდა მისდიო საქმე ბოლომდე, მაგრამ იმდენი საქმე აქვს გლეხკაცს სოფელში, რომ ვერ მივაღწიეთ მხოლოდ საკუთარი ძალებით ამ საქმის გადაწყვეტას.“

  • გამგებლის რწმუნებულმა ღორეშის ტერიტორიულ ერთეულში შალვა კურტანიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მარიამწყაროსკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაკეთება 2012 წელს სოფლის განვითარების პროგრამით იგეგმება.

ლაურა გოგოლაძე